ყვითელი ამბები

„ვფიქრობდი, კიბეზე არ დავგორებულიყავი...“- ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ქორწილის ფოტოები

Sputnik
„საოცნებო ქორწილიდან“ ორი კვირის შემდეგ ჯეი ლომ და ბენმა საზოგადოებას ქორწილის ფოტოები გაუზიარეს.
53 წლის ჯენიფერი ემოციური სიტყვებით იხსენებს საყვარელ მამაკაცთან დაქორწინების მომენტს.

„როდესაც მიყურებდა, როგორ მივაბიჯებდი მისკენ, მიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ ეს სიზმარი კი არა, რეალობა იყო. ეს რომ სიზმარი ყოფილიყო, გაღვიძება არ მომინდებოდა. თან იმაზე ვფიქრობდი, კაბისთვის ფეხი არ წამომედო და კიბეზე არ დავგორებულიყავი. თუმცა იმ წამს, როდესაც მას მივუახლოვდი და მისი სახე ახლოდან დავინახე, ეს იყო სასწაული მომენტი“, – იხსენებს ჯეი ლო.

წყვილმა ქორწილი 20 აგვისტოს ჯორჯიაში, აფლეკის ვილაში გამართა. ცერემონიას 135 სტუმარი დაესწრო, ჯეი ლომ ზეიმის დროს სამი საქორწინო კაბის გამოცვლა მოახერხა.
ჯეი ლოს „რალფ ლაურენის“ კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის იტალიაში შეიკერა. სტუმრების სიაში მოხვდნენ: მეტ დეიმონი ოჯახთან ერთად, ჯიმი კიმელი, კეისი აფლეკი და კიდევ უამრავი ვარსკვლავი.
მსახიობებმა ერთმანეთი 2002 წელს ფილმ Gigli-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. იმავე წელს წყვილი დაინიშნა, თუმცა ქორწილი არ შედგა და 2004 წელს ლოპესი და აფლეკი დაშორდნენ. თითქმის 20 წლის შემდეგ, 2021 წელს წყვილმა ურთიერთობა განაახლა, ისინი ერთად ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ.
2022 წლის აპრილში ჯეი ლომ დაადასტურა, რომ კვლავ დანიშნულია. აფლეკი 2005-დან 2018 წლამდე მსახიობ ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული, წყვილს სამი შვილი ჰყავს. ლოპესი, თავის მხრივ, 2004-დან 2014 წლამდე მომღერალ მარკ ენტონიზე იყო დაქორწინებული, წყვილს ორი შვილი ჰყავს.