ვარშავაში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატები დაასახელეს

1995 წელს მამა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს.
ლაურეატებს შორის არიან: იენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინც ფენრიხი ქართველური და კავკასიური ენების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; ბონის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინცგერდ ბრაკმანი აღმოსავლეთის ლიტურგიკული ტექსტების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სოსიაშვილი ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება პარიზში, მონაკოს სასახლეში 2022 წლის 19 ნოემბერს წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე.
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ სამეცნიერო საბჭოს ინიციატივით დაწესდა. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ და ამკვიდრებენ.
გრიგოლ ფერაძე
თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში დაიბადა. 1921 წელს საკათალიკოსო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად ის ბერლინში გაგზავნეს, სადაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. მან 12-ზე მეტი ენა ისწავლა.
გრიგოლ ფერაძე 1931 წელს ლონდონის წმინდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. იქვე ეკურთხა დიაკვნად, საიდანაც პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში წინამძღვრად გაამწესეს.
მოგვიანებით მამა გროგოლ ფერაძე მიიწვიეს პოლონეთში, ვარშავაში არსებული მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. მან უდიდესი შრომა გასწია სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების მოძიება–შესწავლის საქმეში. საბერძნეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკებში მან 162 ქართული ხელნაწერი აღმოაჩინა, პოლონეთის მართლმადიდებლურ მონასტრებში — ისტორიული, პალეოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები.
ომის პერიოდში ფაშისტები სასტიკად ექცეოდნენ ხალხს, აწამებდნენ, ხოცავდნენ, განსაკუთრებით კი – პოლონელებსა და ებრაელებს. მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ადამიანებს, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც 1942 წელს აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა დაუპირეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.
1995 წელს მამა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 2013 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.