საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას არ აპირებს

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა უკავშირდება ომის პროპაგანდას და რიტორიკას, განაცხადა მმართველი პარტიის თავმუდომარემ.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოქმედი სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციონერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უკონტროლოდ შემოდიან უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რაც, მათი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რიგი პარტიები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდნენ. ვებ-გვერდზე Manifest.ge მთავრობის სახელზე სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით პეტიციაც კი გაჩნდა.

„საქართველოში მოქმედებს კონკრეტული რეჟიმი, რომელიც, სხვათა შორის, წინა ხელისუფლებამ შემოიღო 2012 წლის დასაწყისში და არანაირი რისკები დღეს არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ გადავხედოთ თავის დროზე შემოღებულ სავიზო რეჟიმს, არ არსებობს. დანარჩენი არის სპეკულაციები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები უკავშირდება ომის პროპაგანდას და რიტორიკას, რაშიც „ქართული ოცნება“ რადიკალურ ოპოზიციას არ შეჰყვება, განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლა არ ხდება.
„ამაზე პასუხისმგებელი არიან შესაბამისი უწყებები და ისინი აკონტროლებენ ამ ყველაფერს. თქვენ გახსოვთ პირველი ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც მარტში შეიქმნა – სიტუაციას ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ქვეყანა დაიქცა, ან დაიქცეოდა რამდენიმე დღეში. თუმცა, მარტის მერე გავიდა ნახევარი წელიწადი და არაფერი არ მომხდარა. აქედან ჩანს, რომ ის აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად შექმნილი. ზუსტად ასევეა ხელოვნურად შექმნილი დღევანდელი აჟიოტაჟიც“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ კონკრეტული ინტერესით – ქვეყანაში ქაოსი შემოიტანონ.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ და ქვეყანაში იმყოფებიან, 31 ივლისის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 110 ათასზე ნაკლებია, ანუ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტი. ეს სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. „უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა ეროვნებით ქართველია – რუსეთში დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს“, – განაცხადა უფრო ადრე ირაკლი კობახიძემ.