რატომ დანიშნა პრეზიდენტმა დავით ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად: მიზეზები

პრეზიდენტის ხელმოწერა არ შეიძლება იყოს მხოლოდ ფაქსიმილე, მას წინ უნდა უძღოდეს დისკუსია, მიიჩნევს ზურაბიშვილი
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი ქვეყანაში დეპოლარიზაციის ხელშეწყობის მიზნით მოაწერა, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ელჩების დანიშვნის საკითხი პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის ღია დაპირისპირების მიზეზი გახდა. ჯერ კიდევ მარტში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. „ოცნება“ დარწმუნებულია – საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება დაბლოკოს მინისტრთა კაბინეტის წარდგენა ელჩების დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ.
„დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნაზე ჩემს ხელმოწერას დეპოლარიზაციისთვის ხელი უნდა შეეწყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სხვანაირად გაიგო და კვლავ რაიმე განხილვების გარეშე ხელმოსაწერად კიდევ შვიდი კანდიდატურა წარუდგინა.
„დამიდეს მაგიდაზე ეს შვიდი წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან და მგონი, საჭიროა და უკვე ვეღარ მოითმენს ეს სიტუაცია, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ“ - საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო >>
ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილე, განსაკუთრებით ამ დარგში, შესაბამისად, ყველა ხელმოწერას წინ უნდა უძღოდეს განხილვები.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის სიტყვას იტყვის.
ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი ელჩების დანიშვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.
ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ში ელჩად მუშაობის 5 წლის მანძილზე ბაქრაძეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის არაფერი გაუკეთებია. არ მომხდარა მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება, მას არ აქვს კონტაქტები, არ დაუწერია არცერთი სტატია და არცერთ ტელეარხზე არ გამოსულა, ამიტომაც იგი არ უნდა დანიშნულიყო გაეროში საქართველოს ელჩად.