კახა კალაძე „TV პირველს“ სასამართლოში უჩივის

სასამართლომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაადგინოს, სად გადის ზღვარი გადამოწმებულ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ცილისწამებას შორის, განაცხადა ადვოკატმა.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „TV პირველის“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილისგან საჯაროდ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურების – 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვს. ამის შესახებ კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“. წამყვანის თქმით, ეს ოფიციალური ინფორმაციაა. 20 ივნისს კალაძემ ცილისწამების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

„ეს არის ტყუილი და ცილისწამება. თუ ვერ იქნა წარმოდგენილი კონკრეტული დოკუმენტაცია, მაშინ ჟურნალისტმა და ტელევიზიამ კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაადგინოს, სად გადის ზღვარი გადამოწმებულ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ცილისწამებას შორის.
გაბუნიას განცხადებით, სარჩელი 24 აგვისტოს „TV პირველს“ და მაია მამულაშვილს ჩაბარდა საკურიერო ფოსტის მეშვეობით. შესაგებლის წარმოსადგენად მათ სამი დღე დარჩათ.
„მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, მოპასუხეებს, რომ კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინონ შესაგებელი. სამი დღის ვადაში აქვთ უფლება, წარმოადგინონ შესაგებელი. ჩვენს მხარეს პირველ რიგში გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი“, – განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, ჟურნალისტის განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.
„TV პირველის“ წამყვანის მაია მამულაშვილის თქმით, სატელევიზიო ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.
„ინფორმაციას რაც შეეხება, ეს არის ინფორმაცია, რომელზეც ოპოზიცია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში საუბრობდა, საჯარო განცხადებებს აკეთებდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ეს არ იყო საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამი აზრი, ეს არ იყო როგორც ფაქტი მიწოდებული, არც ჩემს შესავალ ტექსტში არ იყო, ეს იყო გადაცემის მსვლელობისას, სტუმრებთან მსჯელობისას ნათქვამი“, – განაცხადა მაია მამულაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.