ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი ფრანგული „ბორდოს“ ფეხბურთელია

„ბორდოს“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ორი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაშვილს რეკომენდაცია სწორედ სანიოლმა გაუწია.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას საფრანგეთის „ბორდოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად ბათუმის „დინამომ“ დაადასტურა, სადაც ფეხბურთელი ირიცხება.
დავითაშვილი „ბორდოს“ ერთწლიანი იჯარის წესით და შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. მანამდე 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი განცხადებაც გამოაქვეყნა.

„მოვიდა დრო, როცა მიწევს დამშვიდობება ბათუმის „დინამოსთან“. ამ გუნდში მცირე პერიოდი გავატარე, თუმცა რამდენიმე თვემ ცხოვრებაში ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა. ის დადებითი ენერგია, რაც ბათუმში ყოფნის დროს ხალხისგან მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება“, – დაწერა ფეხბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ „ბორდოს“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ორი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაშვილს რეკომენდაცია სწორედ სანიოლმა გაუწია.
„ბორდო“ ამჟამად ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 6 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. ფრანგული კლუბი ლიგა 1-ის 6-გზის ჩემპიონია, ბოლოს ჟირონდელებმა საფრანგეთის ჩემპიონობა 2009 წელს იზეიმეს.
ზურიკო დავითაშვილმა ბათუმის „დინამოში" 18 მატჩში 7 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებში კი 19-ჯერ აქვს ნათამაშები და 3 გოლით გამოირჩა. დავითაშვილს ასევე უთამაშია თბილისის „დინამოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ყაზანის „რუბინში“, ვოლგოგრადის „როტორსა“ და ტულის „არსენალში“.