ზემო სვანეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

ხანძარი ალპურ ზონაში გაჩნდა. ამ დროისათვის ძირითადი კერები უკვე ლიკვიდირებულია.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, ლეხზირის ხეობაში კლდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.
ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ტექნიკისთვის მიუვალია და მეხანძრე- მაშველები ფეხით გადაადგილდებიან. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, სამუშაოებში უახლოეს საათებში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთვება.
ლეხზირის ხეობაში ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა. ამ დროისათვის ძირითადი კერები უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა არის დაკვამლიანება.
თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.