თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ საიას სარჩელი სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის გამო. საია ცესკოს დადგენილების ბათილად ცნობას მოითხოვდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეის მდგომარეობით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეკრებილა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ეს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი ინიციატივით არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, საიამ მიმართა მას განცხადებით და მოითხოვა აქტის გამოცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობის თაობაზე.
„ამ დროისათვის არ არის ცნობილი მთავრობის ოფიციალური პოზიცია განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამთ, საქართველოს მთავრობა დროულად მოახდენს სათანადო რეაგირებას და იმსჯელებს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
საია უახლოეს დღეებში გეგმავს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართოს.
ცესკოს გადაწყვეტილებით, სენაკის 64-ე მაჟორიტარულ ოლქში 1 ოქტომბერს შუალედური არჩევნები დაინიშნა. დეპუტატის სავარძელი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
კენჭისყრა სამ უბანზე გაიმართება, მოსახლეობა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. სენაკში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სამი პარტია დარეგისტრირდა.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ სენაკის საკრებულო თავმჯდომარის გარეშე დარჩა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო თებერვალში ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ირაკლი კაჭარავას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა.
ახალი თავმჯდომარის არჩევა ამჟამად შეუძლებელია, რადგან საკრებულოში არც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას უმრავლესობა არ ჰყავთ. ამრიგად, ახალი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა გადამწყვეტი იქნება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.