თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა – მას ბაღის პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებების გამო თავის მართლება მოუწია.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ხარჩილავამ, რომელიც არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერი პედაგოგები სამსახურიდან გაათავისუფლა.
„მერმა „ქართული ოცნების“ მომხრეები გაათავისუფლა სამსახურიდან. არანაირი სხვა ნიშანი, არანაირი სხვა მაკვალიფიცირებელი ამ ადამიანების გამორჩევისა არ ყოფილა. კვალიფიკაციას, გამოცდილებას – ამას ყველაფერს გადაუსვა ხაზი და გაათავისუფლა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დღეს წალენჯიხა ერთადერთი რაიონია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერი ხელმძღვანელობს და ამიტომ წალენჯიხა არის მოდელი იმისა, თუ როგორ მოიქცეოდნენ ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები.
„ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ასე იქცეოდა წარსულში და ასე მოიქცევა მომავალში. ეს არის მათი საფირმო და სამარკო ნიშანი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
თავის მხრივ, ხარჩილავა აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებში და მთლიანად მერიაში მიმდინარეობს რეფორმა და არა თანამშრომლების გათავისუფლება. მერის თქმით, რეორგანიზაცია იგეგმება დასუფთავებისა და კულტურის სამსახურებშიც. ამასთან, ხარჩილავა ამტკიცებს, რომ ვაკანტური ადგილების დასაკავებლად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დანიშვნა არ იგეგმება.
„ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, არ ჩავსულვარ პოლიტიკამდე. ჩვენ პარტიული ნეპოტიზმის ხარჯზე სტანდარტებს ვარღვევთ", – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.
ამასობაში საბავშვო ბაღის თანამშრომლები მერის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მათთვის მიუღებელია რეორგანიზაცია, რის შედეგადაც დაახლოებით 35 თანამშრომელი უმუშევარი დარჩება.
წალენჯიხა ერთადერთი რაიონია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად მერად ოპოზიციონერი აირჩიეს.