თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა, იუწყება „პირველი არხი“.
ბაქრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის, რომელსაც პოსტი 2013 წლის ივლისიდან ეჭირა.
ელჩების დანიშვნის საკითხი პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის ღია დაპირისპირების მიზეზი გახდა. ჯერ კიდევ მარტში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. „ოცნება“ დარწმუნებულია – საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება დაბლოკოს მინისტრთა კაბინეტის წარდგენა ელჩების დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ.
ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი ელჩების დანიშვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.
თავის მხრივ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციას თავად მმართველი პარტია არღვევს. მისი თქმით, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მან მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩობის 37 კანდიდატურიდან 36 დაამტკიცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ხელი არ მოაწერა მხოლოდ დავით ბაქრაძის დანიშვნას, რადგანაც მისი კანდიდატურა 15 ივლისს წარუდგინეს, ანუ მას შემდეგ, რაც მთავრობამ სასამართლოს მიმართა.
ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ში ელჩად მუშაობის 5 წლის მანძილზე ბაქრაძეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის არაფერი გაუკეთებია. არ მომხდარა მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება, მას არ აქვს კონტაქტები, არ დაუწერია არცერთი სტატია და არცერთ ტელეარხზე არ გამოსულა, ამიტომაც იგი არ უნდა დაინიშნოს გაეროში საქართველოს ელჩად, განაცხადა ზურაბიშვილმა.