თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში სამუშაო 20 ათასმა ადამიანმა მიიღო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შრომისუნარიან პირებს 18 წელს ზემოთ, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
„ჩვენი ინიციატივის ფარგლებში 20 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდა, ისინი ჩართული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სატყეო მეურნეობა თუ სხვა მიმართულებები. ამ პროგრამას კიდევ უფრო მეტი გააქტიურება სჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების დადებით ტენდენციაზე ისაუბრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (22,1%), ოთხი პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18,1% შეადგინა.
„ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი – 55 ათასით. ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყანაში სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დასაქმების პროგრამა
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.
ამასთან, ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ხოლო მათი სტატუსი არ შემოწმდება.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სულ 1 აპრილისთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 664,3 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 17,8%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე. 1 ივნისიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.