ხანძარი ბორჯომის ტყეში - ბოლო ცნობები

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 150 ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია განადგურდა.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის ხეობაში ვითარება სტაბილურია, ამ დროისათვის ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მეათე დღეა მიმდინარეობს. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ამჟამად ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით სტადიაშია – მუშავდება ცეცხლის დარჩენილი მცირე მასშტაბის რამდენიმე აქტიური და მხრჩოლავი კერა, გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 150 ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია განადგურდა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ადამიანის დაუდევრობა გახდა.