თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, საწარმო, რომელიც ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და 1 კგ-ზე არანაკლებ 24 თეთრს გადაუხდის, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით კილოგრამზე 10 თეთრს მიიღებს.
„წელს დაახლოებით 40 ათასიდან 50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება. სუბსიდია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა ფერმერმა არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება შეძლოს და შემდგომში მისი გადამუშავება მოხდეს. პროცესში დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული“, – განაცხადა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ფერმერები ვაშლის ჩაბარებას ქარხნებში სექტემბრის დასაწყისიდან შეძლებენ.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გასულ წელსაც მოქმედებდა. ამ პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა შარშან 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად – ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 20 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.