მსოფლიო დღეს

„დადგა ეს დღე“: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი განცხადებას ავრცელებს

Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ კვირაში ჩავა, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.

„დადგა ეს დღე. IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისია უკვე მიემართება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინასა და ევროპაში უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება და დაცვა. მე ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ კვირაში ჩავა“, — დაწერა მან Twitter-ზე.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა გასულ პარასკევს, პარიზმა და IAEA-მ მისიის უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს რუსეთისა და უკრაინისგან.
The New York Times-ის ცნობით, დელეგაციაში, რომელიც სადგურს ეწვევა, 14 ადამიანი შედის – თავად რაფაელ გროსი და კიდევ 13 კაცი, ძირითადად, ნეიტრალური ქვეყნებიდან. მისიაში არ შედიან აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები მარტიდან აკონტროლებენ. როგორც უკრაინულ „ენერგოატომში“ აცხადებენ, სადგურზე სამუშაოებს კომპანიის პესონალი აკონტროლებს, თუმცა ისინი „ყველაფერს სამხედროებთან ათანხმებენ“. ამ უკანასკნელებს კი კონსულტაციებს „როსატომის“ სპეციალისტები უწევენ.