თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი დივერსიის შედეგად გაჩნდა.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მეათე დღეა მიმდინარეობს. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
„ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყო ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით ან ძლიერი სიცხის გამო. არის ვერსიები, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეული დივერსია. არაფერია გამორიცხული", – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს.
„ვერაფერს გამოვრიცხავთ, რადგან ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ჯგუფების ბუნება და დივერსიული მიდრეკილებები. გამორიცხული არაფერია. ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს. და ვიცი, რომ ეს ასეც იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა ქვეყნის მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ამ ეტაპზე ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა – მუშავდება ცეცხლის რამდენიმე დარჩენილი მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა, გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 150 ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია განადგურდა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ადამიანის დაუდევრობა გახდა.