რამდენი დახარჯეს ქართველებმა უცხოეთში - ბოლო სტატისტიკა

საქართველოს მოქალაქეებმა აპრილიდან ივნისის ჩათვლით მოგზაურობებში 457 მლნ ლარი დახარჯეს
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 406,1 ათასი ვიზიტი განახორციელეს და იქ 456,7 მილიონი ლარი დახარჯეს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 185,1%-ით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

რომელ ქვეყნებში მიდიან

2022 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების ნახევარზე მეტი განხორციელდა თურქეთში (55,7%). მეორე ადგილზეა რუსეთი 10,7%-ით, მესამეზე სომხეთი 6,6%-ით.
ამასთან, ყველა ვიზიტის 42,5%-ის მიზანი იყო შოპინგი, მეორე ადგილზე - პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა (21,3%), ხოლო მესამეზე - მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა (19,2%).
ანკარა
დასვენება და გართობა უცხოური ვიზირების მიზნებს შორის მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს და ვიზიტების 12,6%-ს შეადგენს.
მკურნალობა იყო ყველა ვიზიტის მხოლოდ 1,6%-ის მიზანი, კიდევ 2,7% იყო ვიზიტები სხვა მიზნებისთვის.

რაზე ხარჯავენ

2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ განხორციელებულმა ხარჯებმა დღე-ღამეში საშუალოდ 1,1 ათასი ლარი შეადგინა.
მთლიანობაში, ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში 456,8 მილიონი ლარი დახარჯეს, საიდანაც 175,2 მილიონი - შოპინგზე, 145,8 მილიონი - საკვებსა და სასმელებზე, 78 მილიონი - განთავსებაზე, ადგილობრივ ტრანსპორტზე 35,3 მილიონი ლარი, გართობაზე - 14,6 მილიონი ლარი, ხოლო 7,9 მილიონი სხვა ხარჯებია.
27 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,8608 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.