ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად მიიჩნევა.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
მარიამობას – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს ზეიმობს. ამ დღეს ასევე აღინიშნება სიონობაც.
„შესთხოვეთ რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას. სიონობას გილოცავთ, ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია, ზეციური და ქვეყნიური. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს“, - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქის თქმით, ადამიანები დაიღალნენ, მაგრამ მაინც არ უნდა გაიტეხონ გული, რადგან ღვთისმშობელი არასდროს მიატოვებს მათ.
„აი, თქვენ ახლა იგალობეთ – დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო. კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა“, - ბრძანა ილია მეორემ ქადაგებისას.
კათალიკოს პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, დღეს წაიკითხონ ღვთისმშობლის დაუჯდომელი – „გიხაროდენ, სძალო უსძლოო“.
„დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, მე მუდამ თქვენთან ვარ სულით და ხორცით, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად მიიჩნევა. გარდა ამისა, მართლმადიდებლურ რელიგიაში ღვთისმშობლის მიძინების დღე თორმეტი მთავარი საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთია.