სვანეთი ლაშქრობის გლობალურ პროექტს მასპინძლობს

პროექტში რეგისტრირებულია 8 ქვეყნიდან 110 მონაწილე. მარშრუტი დღეს სოფელ ხალდეში დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. სვანეთი ლაშქრობის გლობალური პროექტ HIGHLANDER Adventure-ს მესამე დღეა მასპინძლობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
პროექტში რეგისტრირებულია 8 ქვეყნიდან 110 მონაწილე. მარშრუტი დღეს სოფელ ხალდეში დასრულდება.
HIGHLANDER Adventure გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მისი მიზანი საზოგადოებაში ლაშქრობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
პროექტი წელს საქართველოში პირველად ხორციელდება. ლაშქრობა 25-27 აგვისტოს ბეჩოდან უშგულამდე გრძელდება, რომელშიც ასობით ადგილობრივი და უცხოელი მოლაშქრე იღებს მონაწილეობას.
„25 აგვისტოს, HIGHLANDER Georgia-მ სტარტი აიღო! მას შემდეგ, რაც სამდღიანი ლაშქრობის, HIGHLANDER55-ის მონაწილეებმა თავიანთი სანომრე ნიშნები და საკვები აიღეს, ასევე, სალაშქრო აღჭურვილობის დეტალური შემოწმება გაიარეს, ნამდვილი თავგადასავალიც დაიწყო! დილის 7 საათიდან, პროექტის ქართველი და უცხოელი მონაწილეები ბეჩოს აღმართს შეუყვნენ და გულის უღელტეხილის, ლამააჯისა და ცხეკვზაგარის გზაზე გამავალი ბილიკიდან, მესტიაში არსებულ პირველ საკონტროლო პუნქტამდეც მიაღწიეს. ყველა მონაწილის HIGHLANDER-მოწმობაში დაფიქსირდა ამ სავალდებულო პუნქტის გავლის დამადასტურებელი ბეჭედიც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მონაწილეები საბოლოოდ ზაარგაშში დაბანაკდნენ და პირველი დღე ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასითა და მათივე მომზადებული თაშმიჯამისა და კუბდარის დეგუსტაციით დასრულდა.
მარშრუტი სხვა მონაწილეებთან ერთად, გაიარეს: ავსტრიის ელჩმა საქართველოში თომას მიულენმა, HIGHLANDER UAE-ს მმართველმა დირექტორმა ფადი ჰაჩიჩომ, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, HIGHLANDER Georgiaს კეთილი ნების ელჩებმა: ირაკლი გუჯაბიძემ და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა ადამიანებმა.
მარშრუტი 27 აგვისტოს, სოფელ ხალდეში სრულდება, თუმცა მანამდე ყველა მონაწილემ უნდა გადალახოს ბილიკი, რომელიც სათხილამურო კურორტ თეთნულდიდან იწყება და გადის სოფელ ჰადიშს, ჰადიშიჭალაის ხეობას, ჰადიშის მყინვარს, ჩხუტნიერის უღელტეხილსა და ხალდეს ხეობას. HIGHLANDER შეჯიბრება არ არის. ყველა მონაწილე, რომელიც ფინიშამდე მიაღწევს, ჰაილენდერის სტატუსს დაიმსახურებს.

„27 აგვისტოს საღამოს მესტიაში დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ჰაილენდერი იზეიმებს ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებას“, - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

HIGHLANDER GEORGIA ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „თიბისი ბანკი“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.
წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია