საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა, ის 2023 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო მონადირეებს იმ წესებს შეახსენებს, რომლებიც მათ უნდა დაიცვან:
ნადირობამდე პირმა უნდა გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი);
შვიდი დღის განმავლობაში (გადახდის დღის ჩათვლით) ნადირობის შემთხვევაში ნადირობის მსურველმა თან უნდა იქონიოს აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თუ აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება, პირს აქვს უფლება გადამფრენ ფრინველებზე ინადიროს აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომავალი წლის 1 მარტამდე პერიოდში.
მოსაკრებლის გადახდა საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
უწყების ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით ნადირობის სეზონის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.
კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153. ზარი უფასოა და ანონიმურობა დაცულია.
ნადირობის წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.