თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული მოსმენების შესახებ ცვლილებებთან დაკავშირებული კრიტიკა ვენეციის კომისიის მხრიდან მიუღებელია საკმარისი არგუმენტების გარეშე, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ.
ვენეციის კომისიამ ნაჩქარევად მიღებული და დაუსაბუთებელი უწოდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვებ ვადას სამიდან 9 თვემდე ახანგრძლივებს.
„კიდევ ყურადღებით ვნახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მოსაზრებებს ამ საკითხების ირგვლივ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია... რა არის არგუმენტი ამ შემთხვევაში, რის გამოც... არ უნდა იქნას მიღებული ეს კანონი. ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, ყველაფერი მეორეხარისხოვანია და კრიტიკა მიუღებელია“, – განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები 7 ივნისს მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, პროკურორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ფარული საგამოძიებო ღონისძიებების სამი თვის განმავლობაში ჩატარების თაობაზე. ვადის კიდევ სამი თვით გასაგრძელებლად საჭიროა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირის შუამდგომლობა, ხოლო კიდევ სამი თვით - გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.
მანამდე კანონპროექტმა ფარული მოსმენების შესახებ საქართველოში სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად დაძლია პრეზიდენტის ვეტო და საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევიდა.