ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება

ამ დროისთვის არსებობს ხანძრის რამდენიმე კერა, რომლებზეც შესვლა ვერ ხერხდება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ავიაცია ასრულებს.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა.
„აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. 24 საათიანი სამუშაო რეჟიმის შედეგად ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე აქტიური კერა რომლის დამუშავებაც მიმდინარეობს. სირთულეს წამოადგენს რელიეფი, რის გამოც ვერ ხერხდება ხანძრის კონკრეტულ კერებზე შესვლა, აღნიშნულ კერებზე კი მუშაობს ავიაცია“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.
ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
ამასთან, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.
შსს-ს მიერ პარასკევს გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, თურქეთის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკაც.
წყარო - შსს