თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას (US OPEN) ახალგაზრდა ამერიკელ ბენ შელტონთან შეხვედრით დაიწყებს.
დიდი სლემის მორიგი ტურნირი ორშაბათს იწყება, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი 31-ე ნომრად არის განთესილი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში 171-ე ადგილზე მყოფი ბენ შელტონი US OPEN-ზე „უაილდ-კარდის“ წყალობით მოხვდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 19 წლის ამერიკელ ჩოგბურთელს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიურ წყვილზე გავა და კირიოსი-კოკინაკისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია, ATP-ს ტურზე მას 29 ივნისის მერე არ მოუგია. ბასილაშვილმა ზედიზედ ხუთი მატჩი დათმო.