ძიუდო: კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი აიღო

ორივე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალური შეხვედრა სუფთა გდებით მოიგო.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე დავით ქარელმა (-60კგ) და საბა სამადაშვილმა (-66კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
დავით ქარელმა გამოსვლა პირველი წრიდან დაიწყო და პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ყაზახი მეტოქეების დამარცხების შემდეგ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვს აჯობა. ფინალში მისი მეტოქე ფრანგი რეი კელვინი იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა ეფექტური გდებით დაამარცხა.
რაც შეეხება საბა სამადაშვილს, ის პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორედან კი საუდის არაბეთის, ყაზახეთისა და იტალიის წარმომადგენლები დაამარცხა. სამადაშვილმა ნახევარფინალში ფრანგი ალექსის რენარი დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი უზბეკ შოჟახონ ოტაბოევს მოუგო იპონით.
ამას გარდა, ტატიმზე გოგონათა ტურნირში საქართველოს ნაკრებიდან თამარ გიგოლაევი და ნინო იაშვილი (ორივე -48კგ) გავიდნენ, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდნენ და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.
კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი 24-28 აგვისტოს ტარდება. 26 აგვისტოს სარაევოში საქართველოს ნაკრებიდან ვაჟებში გიორგი მიშველიძე, ლუკა ჯავახიშვილი (ორივე -73კგ) და მათე ჩაფურიშვილი (-81კგ) გამოვლენ, გოგონებში კი ნინო დარჩია (-57კგ) იასპარეზებს.