ხანძარი ბორჯომში: ცეცხლის არეალი ფართოვდება

ახალი კერები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ახლოს მდებარეობს
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარი სულ უფრო ფართოვდება, ძლიერი ქარის გამო ახალი კერები გაჩნდა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს, ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.
ამ დროისთვის ახალი კერები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ახლოს გაჩნდა. ადგილზე სიტუაციას გაეცნო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ხანძართან ბრძოლას ძლიერი ქარი ართულებს. ქარის გამო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის სახანძრო თვითმფრინავებმა მუშაობა სიბნელის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე შეაჩერეს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1200 ადამიანი მონაწილეობს. ძველ კერებთან მისასვლელი გზები გაყვანილია, მაგრამ ძლიერი ქარი, ცეცხლის კერებში მაღალი ტემპერატურა და რთული რელიეფი ძალიან ართულებს მეხანძრეების და სამხედროების მუშაობას.
სამუშაოებში დილიდან ჩართულია რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.
ბოლო ინფორმაციით, სტიქიის მეხუთე დღეს ხანძრის არეალი გასულ დღესთან შედარებით გაორმაგებულია. თუ ოთხი დღის განმავლობაში ცეცხლმა 150 ჰექტარი ტყის მასა გაანადგურა, დღეს სტიქია უკვე 300 ჰექტარზეა გავრცელებული.
ხანძრის სავარაუდო მიზეზად ადამიანების დაუდევრობა სახელდება.