„არ ენდოთ ცრუ წაქეზებას“ - თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოსახლეობას აფრთხილებს

სტადიონებზე მოწევა 2020 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა. ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. თბილისში, „დინამო არენაზე“ საპატრულო პოლიციამ თამბაქოს მოწევის წესის დარღვევისთვის ერთი პირი დააჯარიმა, ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტადიონზე თამბაქოს მოწევის წესის დარღვევა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მონიტორებმა დააფიქსირეს. ალიანსი არ აკონკრეტებს, რომელ თამაშზე და როდის მოხდა დარღვევა.
ალიანსში განმარტავენ, რომ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA) და ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) სტადიონზე მოწევას კატეგორიულად კრძალავენ.
ალიანსში აცხადებენ, რომ საქართველოში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე სტადიონების ადმინისტრაციები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მოთხოვნა ზედმიწევნით აღსრულდეს. მაგრამ შიდა თამაშებზე ყურადღება საგრძნობლად მოდუნებულია.

„მოწევის რეგულაციის აღსრულების მონიტორინგზე არც სტადიონების მომსახურე პერსონალი იწუხებს თავს და ზოგიერთ მაყურებელსაც ჯერ კიდევ არ აქვს კულტურა, რომ არ მოწიოს იქ, სადაც თამბაქოს მოხმარებას პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობა კრძალავს“, – აღნიშნეს თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

ალიანსში ასევე აცხადებენ, რომ თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს თამბაქოს კონტროლის კანონის დასუსტებას და ებრძვის მონიტორინგის სამსახურს, ასევე არ ერიდება არანაირ ცილისწამებას და ცდილობს საზოგადოებაში გულგრილობის გაჩენას.
„არ ენდოთ ცრუ წაქეზებას, მოწევის წესების დარღვევა ჯარიმდება. ჩვენ თუ დასავლური ღირებულებების ქვეყანას ვაშენებთ, არ უნდა ვცდილობდეთ საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევას, ან დანაშაულზე თვალს არ უნდა ვხუჭავდეთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ალიანსი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოწევაზე დაწესებული რეგულაციები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე შეამჩნევს წესების დარღვევის ფაქტს, შეატყობინონ „112“-ის სამსახურს. მათი ინფორმაციით, სწორედ სამოქალაქო მიდგომის შედეგად ივლისის თვეში რამდენიმე სავაჭრო ობიექტში აღიკვეთა მოწევის ფაქტი და მწეველი დაჯარიმდა.

მოწევა სტადიონებზე 2020 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა. ჯარიმა ამ წესის დარღვევისთვის 500 ლარს შეადგენს.

„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა.
მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. ასევე გამონაკლისია კაზინოები და ზოგიერთი სათამაშო აპარატების სალონები, სპეციალურად აღჭურვილი ადგილები უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე. მოწევა ასევე მსახიობების მხრიდან დასაშვებია სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.