მსოფლიო დღეს

ბაიდენმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე 2,9 მლრდ დახმარების გამოყოფით მიულოცა

Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და 2,98 მილიარდი დოლარის ახალი ტრანშის გამოყოფის შესახებ აცნობა, რომელიც კიევს იარაღისა და აღჭურვილობის სახით გადაეცემა.
მილოცვის ტექსტი თეთრი სახლის საიტზეა გამოქვეყნებული.

„ყველა ამერიკელის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. <...> შეერთებული შტატები კვლავაც უჭერს მხარს უკრაინელებს, რომლებიც განაგრძობენ ბრძოლას სუვერენიტეტისთვის. ამ ვალდებულების ფარგლებში ამაყად ვაცხადებ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი უდიდესი ტრანშის თაობაზე: უკრაინა დაახლოებით 2,98 მილიარდი დოლარის იარაღსა და აღჭურვილობას მიიღებს“, — ნათქვამია ბაიდენის მილოცვაში.

პრეზიდენტის თქმით, ამ თანხით უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, საარტილერიო სისტემებისა და საბრძოლო მასალის, ასევე ანტისარაკეტო უპილოტო საჰაერო სისტემებისა და რადარების შეძენას შეძლებს, რათა ხანგრძლივ პესპექტივაში განაგრძოს თავდაცვა.
ეს აშშ-ის სამხედრო დახმარების უკვე მესამე პაკეტია ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ბოლოს ვაშინგტონმა ამ მიზნებისთვის 775 მილიონი დოლარი გამოყო. მანამდე, აგვისტოს დასაწყისში ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა მემორანდუმს უკრაინისთვის 550 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ. ბაიდენის თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების მოცულობამ 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.