თბილისი, 23 აგვისტო − Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დეველოპერებს ყველა ახალ ნაგებობაში თავშესაფრების დაპროექტება–აშენებას ავალდებულებს, ნათქვამია უმაღლესი რადის ვებ-გვერდზე.
კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის სახელმწიფო ორგანო შეძლებს უარი უთხრას სამშენებლო კომპანიას ნაგებობის ჩაბარების შესახებ სერტიფიკატის გაცემაზე, თუ იგი თავშესაფრით არ იქნება აღჭურვილი.
გარდა ამისა, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების ასაგებად მიწის ნაკვეთის გადაცემის გამარტივებულ პროცედურას და არეგულირებს ასეთი ობიექტების მოვლა-პატრონობის წესს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინაში, სულ მცირე, 5.587 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ 7.890-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.