არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა - დაკავებულია სამი უცხოელი

კანონდამრღვევებს სანქციის სახით არადეკლარირებული თანხის 10%-ის გადახდა დაეკისრათ.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე ირანის, ყირგიზეთისა და ისრაელის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა, ჯამში 301.430 აშშ დოლარი გამოავლინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 835.467 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით 83.546 ლარის (თანხის 10%-ის ოდენობა) გადახდა დაეკისრათ.