მღებრიშვილი: ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

ხანძრის ქრობის ღონისძიებებში 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი მონაწილეობს.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს.

„ტერიტორია პირობითად დაყოფილი გვაქვს სამ სექტორად. ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს ამ პოზიციის შენარჩუნება, ზოგან სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები, გამომდინარე მაღალი ტემპერატურიდან, რასაც ქარიც ხელს უწყობს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს.
ამ დროისათვის ხანძრის წინააღმდეგ სხვადასხვა სამუშაოს დაახლოებით 1.200 ადამიანი ასრულებს.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული არიან და კოორდინირებულად მოქმედებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.
გარდა ამისა, შეიქმნა დეპარტამენტის ოპერატიული შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.