თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. წინარეხი–ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გზა გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.
„მისი გამართული ფუნქციონირება მოსახლეობისთვის და სამონასტრო კომპლექსის სტუმრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში.
რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. ასევე მდინარე კავთურაზე არსებულ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებებიც, ასევე ავტოსადგომი, საგზაო ნიშნები, ამჟამად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3,6 მლნ ლარამდეა.
ქვათახევში ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი აგებულია დაახლოებით XII საუკუნეში, თამარ მეფის დროს. ამ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს აქამდე ტურისტები იშვიათად სტუმრობდნენ მოუხერხებელი გზის გამო.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი