მსოფლიო დღეს

აშშ-ის საელჩომ ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო − Sputnik. უკრაინაში არასტაბილური ვითარებისა და უახლოეს მომავალში საომარი მოქმედებების ესკალაციის შესაძლებლობის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საელჩომ ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდეს – „დაუყოვნებლივ“ დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

„სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში რუსეთი გააძლიერებს ძალისხმევას უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე შეტევებისთვის. რუსეთის დარტყმები უკრაინაზე მუდმივ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა ახლავე კერძო სახმელეთო ტრანსპორტით, თუ ეს უსაფრთხოა“, − ნათქვამია უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩოს საიტზე.

ამერიკის საელჩომ საკუთარ მოქალაქეებს მსგავსი მოწოდებით ბოლოს 14 ივლისს მიმართა.
უკრაინის ხელისუფლება შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციას 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ელოდება. კიევის ადმინისტრაციამ 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ქალაქში მასობრივი ღონისძიებების გამართვა აკრძალა „სარაკეტო შეტევების“ რისკის გამო. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა „შეიძლება სცადოს რაღაც განსაკუთრებით საზიზღარი, რაღაც განსაკუთრებით სასტიკის გაკეთება“.
წყარო: U.S. Embassy in Ukraine