მსოფლიო დღეს

„რუსეთთან მოლაპარაკებები სამუდამოდ შეწყდება“: ზელენსკიმ მიზეზი დაასახელა

Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. უკრაინის ხელისუფლება სამუდამოდ იტყვის უარს რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუ მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასამართლო პროცესი გაიმართება, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ახლა მედიაში საკმარისი ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ მარიუპოლში დეკორაციებს ამზადებენ უკრაინელი დამცველების აბსოლუტურად ამაზრზენი და აბსურდული სასამართლო პროცესისთვის. <...> თუ ეს ამაზრზენი სასამართლო გაიმართება, თუ ჩვენი ხალხი ყველა შეთანხმების, საერთაშორისო წესის დარღვევით ამ დეკორაციებში შეიყვანეს, ეს იქნება ის ხაზი, რომლის იქითაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ ტრიბუნალის მოწყობით რუსეთი თავად მოიჭრის მოლაპარაკებების გზას.
მანამდე, 8 აგვისტოს მედიით გავრცელდა დონეცკის ხელმძღვანელის დენის პუშილინის განცხადება, რომ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების ტრიბუნალისთვის სამზადისი მიმდინარეობს, რისთვისაც შესაბამისი „სათავსოები და მტკიცებულებათა მთელი ბაზა მზადდება“.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მაისში კიევის ინიციატივით შეწყდა. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გენადი გატილოვმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ვერ ხედავს მხარეებს შორის კონტაქტების შესაძლებლობას, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე. მისი აზრით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უკრაინაში კონფლიქტი, მით უფრო რთული ხდება დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევა.