თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ყველა შესაბამისი საშუალება, რაც საჭიროა ხანძრის ჩასაქრობად, ასევე მუშაობს ცოცხალი ძალა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
უკვე მეოთხე დღეა ბორჯომის რაიონის სოფლებს - ქვაბისხევსა და ზოვრეთს შორის ტყის ხანძარს ებრძვიან. მთავრობის მეთაურის ბრძანებით, გუშინ ხანძრის ჩაქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთნენ.
„გუშინვე პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში. ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ იყოს საჭირო, ასევე ცოცხალი ძალა“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
მინისტრის თქმით, ლოკალიზებულია ხანძრის ისეთი კერები, რომლებიც შეიძლებოდა დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო.
„ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც იყო გუშინ, უკვე თავიდან არის არიდებული. მოხდა იმ კერების ლოკალიზება, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
თავდაცვის ძალების გარდა, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი.
„მობილიზებულია ას ერთეულზე მეტი ტექნიკა, ასევე ვერტმფრენებია ჩართული. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
როგორც ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ამ მომენტში ცეცხლი დაახლოებით 150 ჰა ფართობზე გავრცელდა. იწვის ხეები, ბალახი და ბუჩქნარი.