თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა და „ნაპოლის“ ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში კიდევ ორი გოლი გაიტანა.
„ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში „მონცას“ მასპინძლობდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 35-ე წუთზე ზელინსკის პასით გახსნა ანგარიში. 62-ე წუთზე კი ლობოტკას გადაცემით მეორე გოლი შეაგდო.
„ნაპოლის“ შემადგენლობაში ხვიჩას დებიუტი, პირველი გოლი და საგოლე პასი 15 აგვისტოს „ვერონას“ წინააღმდეგ მატჩში შედგა. შედეგად „ნაპოლიმ“ სერია А-ს პირველ ტურში ანგარიშით 5:2 მოიგო.
საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.