კახეთში Signagi ART Festival იწყება

შემოქმედებითი კონკურსის გამარჯვებულები სოლიდურ ფულად პრიზებს მიიღებენ
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. სიღნაღში 21-26 აგვისტოს ART Festival გაიმართება, რომლის მიზანიც მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნაა, იუწყებიან ორგანიზატორები.
კულტურული ღონისძიების ამოცანაა - სახვითი ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა.

„წელს საფესტივალო პროგრამა ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე) განისაზღვრება, ხოლო კონცეფცია თავისუფალი თემაა. ფესტივალის პროგრამაშია შემოქმედებითი კონკურსი, ვორქშოფები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები“, - ნათქვამია ფესტივალის ანონსში.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ მხატვრებს და მოქანდაკეებს, რომელთაც ხუთი საფესტივალო დღის განმავლობაში ყველა პირობა ექნებათ შექმნილი საკონკურსო ნამუშევრის შესაქმნელად.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 26 აგვისტოს გაიმართება. თითოეულ კატეგორიაში - ფერწერასა და ქანდაკებაში - გაიცემა ორი პრემია 5000-5000 ლარის ოდენობით.
Signagi ART Festival საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით იმართება.