ბორჯომში ძლიერი ქარის გამო ხანძარი კვლავ გაღვივდა

ზოვრეთის ტერიტორიაზე ხანძარი პარასკევს საღამოს გაჩნდა
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ბორჯომში, ზოვრეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა ხანძარი, იუწყება „პირველი არხი“ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულზე, ბესიკ ამირანაშვილზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ამ დროისთვის მეხანძრეები რამდენიმე კერაზე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.
როგორც ამირანაშვილმა აღნიშნა, თუ ხანძრის ჩაქრობა დღეს ვერ მოხერხდება, ხვალ დილიდან, სავარაუდოდ, ვერტმფრენის ჩართვა გახდება საჭირო.
ტერიტორიაზე ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა. ამირანაშვილის თქმით, მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ერთობლივად მუშაობდნენ და დღეს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ძლიერმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და მოხდა ძველი კერების გაღვივება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე აქტიური კერაა, ცეცხლი უკიდია ტორფს და არის დაკვამლიანება, ასევე შეინიშნება ღია ცეცხლიც. ხანძრის ჩაქრობაში რამდენიმე რეგიონის მეხანძრე-მაშველები არიან ჩართული, მაგრამ რთული რელიეფის გამო ხანძრის ჩაქრობა რთულდება.
დღეს შუადღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
წყარო - „პირველი არხი“