ყალბი დოკუმენტები - თაღლითობისთვის ქალს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბრალდებული უძრავი ქონების სერტიფიცირებული კერძო ექსპერტ–შემფასებელია.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დოკუმენტების გაყალბებისა და მიწის საფასურის თითქმის 80-ჯერ გაზრდის გამო უძრავი ქონების კერძო შემფასებელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, ნათქვამია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც უძრავი ქონების სერტიფიცირებული კერძო ექსპერტ-შემფასებელია, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა ყალბი დასკვნა მიწის ნაკვეთის ღირებულების შესახებ.

მან შიდა ქართლის რეგიონში მდებარე 13.830 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1.094.060 ლარად შეაფასა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება–გასაღების მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.