მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრთან“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. გლდანის რაიონის გამგეობამ მეტროს სადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არაერთი სამუშაო განხორციელდება, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაოები ღამის საათებში იწარმოებს, რათა მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი შეექმნას.
რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებული ფილების შეცვლა, ასევე კიბეებისა და სანიაღვრე ქსელის ცხაურების მოწესრიგება.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დაიწყება სავაჭრო ცენტრ „მარიამსა“ და „ევრაზიას“ შორის არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაც, რა დროსაც გაიმართება საგზაო ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყობა მთელი ეს სივრცე.
პროექტის ფარგლებში, რომელიც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დაგეგმა, აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელზეც მიკროავტობუსების გაჩერებებია, მოსაცდელებიც განთავსდება.