ადამიანები ორ ტიპად იყოფიან — ზარმაცებად, რომლებიც გამუდმებით ეძებენ საბაბს, რომ არ ივარჯიშონ, და ყოჩაღებად — რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში მიდიან სპორტდარბაზებში, მაშინაც კი, თუ სხეული ყვირის, რომ დასვენება სჭირდება. ეს სტატიაც სწორედ ამ უკანასკნელებს ეძღვნება, წერს გამოცემა Healthy Walla.
გამოცემის ექსპერტები შეეცადნენ განესაზღვრათ იდეალური ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, როდის ღირს ვარჯიში და როდის — დივანზე კოტრიალი და ძილი.
საქმე ისაა, რომ სპორტის ფანატიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, თითქოს ყველა ვარჯიშით კიდევ უფრო ჯანმრთელები ხდებიან და, შესაბამისად, ლამის სამუდამოდ იცოცხლებენ, თურმე ძალიან ცდებიან. სპეციალისტების თქმით, ისინი არათუ არ იმაგრებენ სხეულს, არამედ სერიოზულ ზიანსაც აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას.
მართალია, კვლევებით დადასტურებულია, რომ რეგულარული ვარჯიში მკვეთრად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამაგრებს კუნთებსა და ძვლებს და, ზოგადად, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მაგრამ ასევე კვლევებითაა დადასტურებული ისიც, რომ ადამიანმა საკმარისად უნდა დაისვენოს. ეს სასარგებლოა ტვინის ჯანმრთელობისთვის, ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონების სწორად გამომუშავებას და ეხმარება მას ბევრი სხვა სასიცოცხლო ფუნქციის შესრულებაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ ადამიანს დასვენება და ძილი აკლია, იზრდება გულის დაავადებების, მეხსიერების პრობლემებისა და იმგვარი დაავადებების რისკიც კი, როგორიც დიაბეტია.
მაშ, სად არის ბალანსი ძილსა და სპორტს შორის?
ამაში აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტის ფიზიკური ვარჯიშებისა და წონის კონტროლის სპეციალისტი, პროფესორი კრისტოფერ კლაინი გაგარკვევთ.
მისი თქმით:
სამუშაო დღის ბოლოს 30-წუთიანი ვარჯიში კარგია ჯანმრთელობისთვის, თუ წინა ღამით 6,5 საათი მაინც გეძინათ.
დღის ბოლოს ვარჯიშის ნაცვლად 30-წუთიანი წაძინება ჯანმრთელობას ვერ გაგიუმჯობესებთ, თუ წინა ღამით 7 საათი გეძინათ. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ჯობს ივარჯიშოთ.
თუ ღამით ექვს საათზე ნაკლები გეძინათ, მაგრამ დღის ვარჯიშით დასრულება გსურთ, ჯობს შინ წახვიდეთ და ადრე დაწვეთ დასაძინებლად.
როგორც პრესტიჟულ ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, „ბიოლოგიური საათი“ ადამიანის კუნთებსაც აქვს. როცა ადამიანს არასაკმარისად სძინავს, ეს მექანიზმი მწყობრიდან გამოდის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, როცა სხეულს დასვენება არ ჰყოფნის, სპორტი მას სერიოზულ რისკებს უქმნის.
რაც შეეხება შუადღის ძილს, სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ ეს რეალურად მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც ტვინსა და სხეულს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.
მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ დღისით ხანმოკლე წაძინებას ეხება, რაც ენერგიასაც შეგმატებთ და ტვინის ფუნქციონირებასაც გააუმჯობესებს. ხოლო თუ თავს ერთი ან ორი საათით დასვენების უფლებას მისცემთ, ძილის უფრო ღრმა ფაზაში გადახვალთ, რამაც შეიძლება კიდეც დაგღალოთ და აზროვნებაც შეგინელოთ.
ექსპერტების თქმით, თუ დღის მეორე ნახევარში ენერგიის დონის მკვეთრი ვარდნა იგრძენით, მაგრამ წინა ღამით კარგად გეძინათ, ჯობს კი არ წაუძინოთ, პირიქით, წაივარჯიშოთ. მაგრამ არა სპორტდარბაზში! ან ოფისშივე (შინ) გააკეთეთ მარტივი ვარჯიშები, ან გარეთ გადით და ცოტა ხანს გაისეირნეთ.
წყარო: healthy walla