თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ქუთაისში 3 და 4 სექტემბერს გასტრონომიული ბაზრობა „ზარზეიმი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები და მუსიკალური ჯგუფები.
„ლხინის მოყვარულნო მთელი ქვეყნიდან, თადარიგი დაიჭირეთ, სამეფო ქალაქი დიდი მხიარულების მასპინძლობისთვის ემზადება. ქალაქი ქუთაისი გიწვევთ ჭამა-სმის ახალ ფესტივალზე, ანუ ყოვლისმომცველ ზარზეიმზე“, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
სტუმრებს ღონისძიებაზე შესთავაზებენ სხვადასხვა ქართულ კერძებს, ლუდს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ოჯახურ ღვინოებს, ხელით დამზადებულ ნაყინს და სხვ.
ფესტივალის სცენაზე გამოვლენ ჯგუფები: Killages, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე ბენდთან ერთად.
ღონისძიების ტერიტორია 10 დღით ადრე გამოცხადდება. „ზარზეიმის“ მხარდამჭერები არიან ქუთაისის მერია და კერძო სპონსორები.