ხევსურეთში ახალგაზრდული ფესტივალი „ფეხონი“ გაიმართება

ფესტივალის მიზანი ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრის ხეობის ტრადიციული კულტურისა და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაციაა.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირდილში 20 აგვისტოს ახალგაზრდული ფესტივალი „ფეხონი“ გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ფესტივალი არაგვის თემთა განვითარების ჯგუფისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით ტარდება, თანაორგანიზებას კი მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჩირდილის ჭალაში გამართულ საფესტივალო სივრცეში 13:00 საათიდან შესაძლებელი იქნება სხვადასხვა აქტივობებსა და მასტერ-კლასებში მონაწილეობის მიღება. მათ შორისაა: ხეზე კვეთის, რეწვისა და ტრადიციული კერძების მომზადება; არტთერაპია; ტურისტული გზამკვლევის პრეზენტაცია; საბავშვო კუთხეში ზღაპრების კითხვა ცოცხალი პერსონაჟებით და ა.შ.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ფოლკლორული ანსამბლი „დები გოგოჭურები".
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალის სტუმრებისთვის განკუთვნილია 2 მიკროავტობუსი, რომლებიც დუშეთის ცენტრიდან ხევსურეთის მიმართულებით 11:00 საათზე გავლენ. შესაძლებელია რეგისტრაცია ონლაინ.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან ჩეხეთის განვითარების სააგენტო, ავსტრიის განვითარების სააგენტო, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ" და ლუდი „ნატახტარი“.