სოფელ ქვემო ბახვში ჩაი ექსპერიმენტული წესით გააშენეს

საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენა 7 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე იგეგმება.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ქართველი პრაქტიკოსი მეჩაიე ფერმერების მიერ დანერგილმა ჩაის ფოთლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიამ – ბუჩქის ბრტყელზედაპირიანმა ფორმირებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის პროცესი და, ხარისხთან ერთად, ჩაის საკრეფი ზედაპირის ფართობი გაზარდა.
ერთ-ერთი პირველი მეჩაიე ფერმერი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით 5 ჰა ჩაის პლანტაცია გააშენა, სოფელ ქვემო ბახვში მცხოვრები დავით თენეიშვილია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩაი საქართველოსთვის ტრადიციული კულტურაა და მას განვითარების პოტენციალი აქვს, თუ მისი ხარისხი გაუმჯობესდება.

„ამ დროისათვის 1.600 ჰექტარზე მეტ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე ვეხმარებით გადამმუშავებელ სექტორსაც. ჩვენ მზად ვართ, მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ფერმერებს, რათა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ჩაი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი იაპონური, ჩინური, თურქული და „საქჩაიმანქანის“ მიერ წარმოებული ქართული ხელის სასხლავი, საკრეფი და გვერდების სასხლავი აპარატების საჩვენებელ გამოცდას დაესწრო.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ჩაის წარმოების აღდგენის ორი პროექტი განხორციელდება.
ჩაის კულტურის ისტორია საქართველოში დაახლოებით 200 წელს ითვლის. პირველი ჩაის ბუჩქი გურიაში მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და თანდათანობით შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა, მე-20 საუკუნეში კი ჩაის პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი დაიკავა.
2016 წლიდან სახელმწიფომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწო. შამუგიას თქმით, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში ჩაის პლანტაცია რეაბილიტირებულია 1,676 ჰა ფართობზე (აქედან 241 ჰა გურიაში), სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ამ მიმართულებისთვის 4,4 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული, აღნიშნა მინისტრმა.
დღესდღეობით ჩაის პლანტაციებს საქართველოში 8.000 ჰექტარი უკავია, მაგრამ ნახევარს აღდგენა სჭირდება.