ყვითელი ამბები

„დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სექსუალურად იძალადა...“ - ახალი დეტალები

Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის ლაშა ნაკაიძის დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორმა ნათია ნოზაძემ განუცხადა.
პროკურორის თქმით, საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ., მიმდინარეობს გამოძიება, ასევე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის იქნება ფოტომასალა თუ სხვა რამ.
ყვითელი ამბები
ლაშა ნაკაიძეს „მთავარი არხის“ თანამშრომელი უჩივის - არხმა წამყვანთან კონტრაქტი შეწყვიტა
პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს.
„მთავარი არხის" ყოფილ წამყვანს ლაშა ნაკაიძეს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა. ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს.

„სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან, პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", – განახადა ნათია ნოზაძემ.

მისი თქმით, დაზარალებულს დაზიანებებთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

„დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ." – განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.