აზარტული თამაშები: აკრძალულ პირთა სიაში 1,5 მილიონამდე მოქალაქის ინფორმაციაა შეტანილი

ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, დღეის მდგომარეობით, შეტანილია ინფორმაცია 1.449.124 პირის შესახებ. სტატისტიკურ მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1.930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 1.907.
შემოსავლების სამსახური, პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს მიმართონ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის-ცენტრებს ან ისარგებლონ მოძრავი სერვის-ცენტრის - RS CAR მომსახურებით.
გარდა ამისა, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – სათამაშო ბიზნესი.
საქართველოში 1 მარტიდან აიკრძალა სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე რეკლამის განთავსება ქართულ ვებ-გვერდებზე. რეკლამა ნებადართულია მხოლოდ აეროპორტებსა და სპორტული ღონისძიებების გამართვის ადგილზე.
აკრძალვები აზარტის წინააღმდეგ საქართველოში: ვინ ვის?>>
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა. ახალი კანონი ავტომატურად უკრძალავს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას 25 წლამდე პირებს, სოციალურად დაუცველ პირებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებსაც კი აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.