სახანძრო-სამაშველო ძალებს მაღალი გამავლობის ავტოტექნიკა გადაეცა

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოპარკი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გადაიარაღდა.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 15 ერთეული ახალი, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკა გადაეცა. ამის შესახებ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, Mitsubishi-ს მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა დაქვემდებარებულ დანაყოფში გადანაწილდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაღალი გამავლობის ავტომანქანები
„ახალი ავტოტექნიკა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს და ხელს შეუწყობს მეხანძრე-მაშველთა ეფექტიან მოქმედებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაღალი გამავლობის ავტომანქანები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში სამსახური აღიჭურვა 61 ერთეული ახალი სახანძრო ავტო-ტექნიკით, 154 ერთეული სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით და 31 ერთეული მცურავი საშუალებით.
უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.