საქართველოს მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები ესტუმრნენ

ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები სხვადასხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნდება.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველო საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან და ეგვიპტიდან ჟურნალისტებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს კულტურული ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა.
საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლები საქართველოში მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს დაესწრებიან, რომელიც 17-21 აგვისტოს სვანეთში გაიმართება.

„სვანეთში გამგზავრებამდე უცხოელმა ჟურნალისტებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ისტორიულ არქიტექტურას, დააგემოვნეს ქართული კერძები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პრესტურის მონაწილეები ასევე იმერეთში გაემგზავრებიან, სადაც სხვადასხვა ტურისტულ ადგილს მოინახულებენ.
უწყების ინფორმაციით, ტურის დასრულების შემდეგ საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლები მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და მესტიის ფილმების ფესტივალის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.