ყვითელი ამბები

ლაშა ნაკაიძეს „მთავარი არხის“ თანამშრომელი უჩივის - არხმა წამყვანთან კონტრაქტი შეწყვიტა

Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძესთან „მთავარი არხი“ კონტრაქტს წყვეტს და ძალადობას ემიჯნება. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ყვითელი ამბები
სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ლაშა ნაკაიძეს ამავე ტელეკომპანიის თანამშრომელმა უჩივლა.

„მთავარი არხი“ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა. თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სამი მუხლით. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა).