„თალიბანმა“ პირობა დადო და ისინი არ ფარისევლობენ: რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი

Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თალიბებმა პირობა დადეს, რომ არ დაუშვებენ ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების“ გადასროლას უკრაინაში, განაცხადა ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზამირ ქაბულოვმა.

„თალიბებმა გარანტირებულად განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ [ბოევიკების გადასროლას] თავიანთი რეალური შესაძლებლობების ფარგლებში. და ისინი აბსოლუტურად არ ფარისევლობენ“, — განაცხადა დიპლომატმა.

„თალიბანმა“ ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დადო პირობა, რომ ავღანეთის ტერიტორიიდან რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრება.
2021 წლის აგვისტოს დასაწყისში თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ შეტევა გააძლიერეს. ისინი ქაბულში 15 აგვისტოს შევიდნენ და მეორე დღეს ომი დასრულებულად გამოაცხადეს. აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქაბულის აეროპორტიდან დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებისა და მათი ავღანელი თანამშრომლების მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა.
31 აგვისტოს ღამით ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს ქაბულის აეროპორტი, რითაც დასრულდა კიდეც ავღანეთში აშშ-ის თითქმის ოცწლიანი სამხედრო ყოფნა. სექტემბრის დასაწყისში ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოცხადდა, რომელსაც მოჰამად ჰასან ახუნდი ჩაუდგა სათავეში. ეს უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო „თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს, ის გაეროს სანქციების ქვეშაა 2001 წლიდან.