თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. „ენგურჰესი“ სარგებლობს პოპულარობით ტურისტებს შორის და უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„ახლა დაიწყო „ენგურჰესის“, როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც მიმდინარე წელს დასათვალიერებლად უკვე 20 ათასი ტურისტი სტუმრობდა. სვანეთის გზაზე ეს არაჩვეულებრივი ადგილი, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი გახდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, „ენგურჰესს“ საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენს მიერ გამომუშავებული ენერგიის 40% „ენგურჰესზე“ მოდის, შესაბამისად, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ უკავშირდება „ენგურჰესს“ და სხვა ჰესების მშენებლობას.
„ენგური ატრაქციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ჰესის ტურისტული მნიშვნელობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს კაშხლის, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ვათვალიერებთ არა მარტო კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ „ენგურჰესის“ მნიშვნელოვან ადგილებს“, - განაცხადა ანთიძემ.
ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ „ენგურის ატრაქციამ" პროექტის „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პირველი ეტაპი 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს.
„ენგურჰესის" კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურის მოწყობის მომდევნო ეტაპი მოიცავს გადასახედი მოედნების, საბაგირო გზის, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის, ღია საკონცერტო სივრცისა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლიფტის მოწყობას.
„ენგურჰესის" კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.
ამ დროისათვის „ენგურჰესის" დადგმული სიმძლავრე 1.300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
„ენგურჰესზე" სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო, 1978 წელს პირველი აგრეგატი ამუშავდა. მთლიანად ჰესის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.