მსოფლიო დღეს

შვეიცარია უკრაინელ ლტოლვილებზე დახმარების გაცემას ამკაცრებს

Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. სოციალური დახმარების შესახებ უკრაინელი ლტოლვილების განაცხადების განხილვისას შვეიცარიაში ამიერიდან მათ ფინანსურ მდგომარეობას გაითვალისწინებენ, იუწყება SwissInfo.
გამოცემის ცნობით, დღეისათვის შვეიცარიაში 60 ათასზე ცოტა მეტი ადამიანია ჩასული უკრაინიდან, რომლებსაც დაცვის სტატუსი S აქვთ მინიჭებული. ეს სტატუსი მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ სოციალური დახმარება, ასევე იმუშაონ შვეიცარიაში.
როგორც SwissInfo წერს, აქამდე შვეიცარიული სოციალური დახმარების მიღება მდიდარ უკრაინელებსაც შეეძლოთ, მაგრამ გასულ კვირაში კანტონური ხელისუფლება, რომელიც სოციალურ შეღავათებზე აგებს პასუხს, წესების გამკაცრებაზე შეთანხმდა.
მათი გადაწყვეტილების თანახმად, განაცხადების განხილვისას გათვალისწინებული იქნება ლტოლვილის შემოსავალი და ქონება — იმის მიუხედავად, სად აქვთ ის მიღებული, უკრაინაში თუ შვეიცარიაში.
იმ შემთხვევაში, თუ S სტატუსის მქონე პირები თანხებს უკრაინის საბანკო ანგარიშებიდან იღებენ ან იქ სხვა აქტივებს იძენენ, მათი შემოსავლის შეფასებისას ეს თანხები მხედველობაში იქნება მიღებული. გამონაკლისი არის მხოლოდ ავტომობილი, ვინაიდან ის აუცილებელია სამშობლოში დასაბრუნებლად.
წყარო: SwissInfo